Sony Interactive Entertainment მარტში დახურავს Bluepoint Games-ს, სტუდიას, რომელიც Demon’s Souls-ისა და Shadow of the Colossus-ის რიმეიქებზე მუშაობდა. ამის შესახებ კომპანიამ Bloomberg-ს დაუდასტურა. Sony Interactive Entertainment-მა Bluepoint Games 2021 წლის სექტემბერში შეიძინა, Demon’s Souls-ის რიმეიქის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. მას შემდეგ, სტუდია God of War Ragnarok-ის თანა-დეველოპერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ Bluepoint Games-ს საკუთარი ახალი თამაში არ გამოუშვია, 2025 წლის იანვარში გაუქმდა მისი გამოუცხადებელი ლაივ სერვისის თამაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, God of War-ის თამაში იყო და მისი შექმნა 2022 წელს დაიწყო. ქვემოთ მოცემულია Sony Interactive Entertainment-ის სტუდიების ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორ ჰერმენ ჰულსტის სრული ელექტრონული წერილი თანამშრომლებისთვის სტუდიის დახურვის შესახებ, ResetEra-ს მიხედვით: "გამარჯობა ყველას, მინდოდა სტუდიების ბიზნესის განყოფილებიდან მნიშვნელოვანი განახლება გამეზიარებინა. როგორც დეკემბრის შეხვედრაზე აღვნიშნე, 2025 წელი PlayStation Studios-ისთვის გარკვეული მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა. Ghost of Yotei-მ კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა, Death Stranding 2: On the Beach-მა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი ერთგულება ნარატიული სრულყოფილების მიმართ, ხოლო Helldivers II და MLB The Show აგრძელებენ მოთამაშეების ჩართულობისა და შემოსავლების ზრდას. ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ სულ უფრო რთულ ინდუსტრიულ გარემოში. განვითარების მზარდი ხარჯები, ინდუსტრიის შენელებული ზრდა, მოთამაშეთა ქცევის ცვლილება და ფართო ეკონომიკური გამოწვევები ართულებს თამაშების მდგრად შექმნას. ამ რეალობის დასაძლევად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ადაპტაცია და განვითარება. ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ ჩვენი ბიზნესი, რათა დავრწმუნდეთ, რომ დღესაც ეფექტურად ვმუშაობთ და მომავლისთვისაც კარგად ვართ პოზიციონირებული. შედეგად, მარტში Bluepoint Games-ს დავხურავთ. ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიგვიღია. Bluepoint არის წარმოუდგენლად ნიჭიერი გუნდი და მათმა ტექნიკურმა ექსპერტიზამ PlayStation-ის საზოგადოებას განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზა. მინდა მადლობა გადავუხადო Bluepoint-ის ყველა თანამშრომელს მათი კრეატიულობის, ოსტატობისა და ხარისხისადმი ერთგულებისთვის. სადაც შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვეცდებით, რომ დაზარალებულ თანამშრომლებს ჩვენი სტუდიების გლობალურ ქსელში მოვუძებნოთ შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს რთული ამბავია მოსასმენად, დარწმუნებული ვარ მიმართულებაში, რომლითაც მივდივართ. კრეატიულობა, ინოვაცია და მოთამაშეებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა რჩება PlayStation Studios-ის მთავარ პრიორიტეტად. ჩვენ გვაქვს მყარი გეგმა 26 ფისკალური წლისთვის, ბევრი რამ გველოდება მომდევნო თვეებში. გმადლობთ თქვენი შრომისმოყვარეობისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის. პატივისცემით, ჰერმენ ჰულსტი აღმასრულებელი დირექტორი, სტუდიების ბიზნეს ჯგუფი"