ტექნოლოგია
/
18.02.2026
YouTube-ზე ასობით ათას მომხმარებელს პრობლემები შეექმნა – ხარვეზი უკვე გამოსწორებულია
YouTube-ის პლატფორმაზე გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ასობით ათას მომხმარებელს ვიდეოებზე წვდომა და მათი დათვალიერება გაუჭირდა. პრობლემა, რომელიც ძირითადად რეკომენდაციების სისტემას უკავშირდებოდა, YouTube-მა ოფიციალურად დაადასტურა და მოგვიანებით მისი სრული აღმოფხვრის შესახებ განაცხადა.
YouTube სრულად არ გათიშულა, თუმცა ასობით ათასმა მომხმარებელმა პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ განაცხადა. DownDetector-ის მონაცემებით, პიკის მომენტში 340 000-ზე მეტმა მომხმარებელმა დააფიქსირა პრობლემები, რაც მიუთითებდა ფართომასშტაბიან შეფერხებაზე.
YouTube-მა დაადასტურა, რომ პრობლემას სწავლობდნენ. „ვიცით, რომ ზოგიერთ თქვენგანს ამჟამად YouTube-ზე წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს“, — ნათქვამია YouTube-ის მხარდაჭერის გვერდზე. „ჩვენი გუნდები საქმის კურსში არიან და განახლებებს უახლოეს მომავალში მოგაწვდით“.
YouTube-მა განმარტა: „ჩვენს რეკომენდაციების სისტემაში არსებულმა ხარვეზმა YouTube-ის სხვადასხვა პლატფორმაზე (მათ შორის მთავარ გვერდზე, YouTube აპლიკაციაში, YouTube Music-სა და YouTube Kids-ში) ვიდეოების გამოჩენა შეაფერხა. მთავარი გვერდი უკვე აღდგენილია, თუმცა სრულ გამოსწორებაზე კვლავ ვმუშაობდით“.
**განახლება:** YouTube-ის განცხადებით, პრობლემა სრულად მოგვარებულია. „რეკომენდაციების სისტემაში არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია და ჩვენი ყველა პლატფორმა (YouTube.com, YouTube აპლიკაცია, YouTube Music, Kids და TV) ნორმალურ რეჟიმში მუშაობს! მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, სანამ ამ საკითხს ვაგვარებდით“, — აღნიშნა კომპანიამ.
წყარო: www.pcgamer.com
გაზიარება