სათამაშო სიახლეები
/
01.03.2026
„სონი“ PC-ზე ექსკლუზიური თამაშების გამოშვების სტრატეგიას ცვლის – „ვულვერინი“ შესაძლოა არასოდეს გამოვიდეს კომპიუტერზე
ინსაიდერების ინფორმაციით, „სონი“ PC-ზე ერთმოთამაშიანი თამაშების გამოშვებას ამცირებს და „PlayStation 5“-ის ეკოსისტემაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ინდუსტრიის ბოლოდროინდელ ტენდენციებს, მაგრამ კომპანია, როგორც ჩანს, უპირატესობას ანიჭებს PS5-ის ექსკლუზიურობის შენარჩუნებას. „ვულვერინი“ შესაძლოა ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდეს.
2024 წელს იყო მომენტი, როდესაც კონსოლის ექსკლუზიურობის თვალსაზრისით ვითარება, თითქოს, რადიკალურად შეიცვალა. Microsoft-ი თავის ყველაზე დიდ თამაშებს Switch-სა და PS5-ზეც უშვებდა, ხოლო სონი PC პორტებს იმაზე მეტად უჭერდა მხარს, ვიდრე ოდესმე. სრულად მულტიპლატფორმული მომავალი თითქმის გარდაუვალი ჩანდა. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და „სონი“, გავრცელებული ინფორმაციით, უკან იხევს ისეთი პლატფორმებიდან, როგორიცაა Steam-ი, რათა სრულად მოახდინოს ფოკუსირება PlayStation 5-ის ეკოსისტემაზე, ყოველ შემთხვევაში, ერთმოთამაშიანი თამაშების შემთხვევაში, როგორიცაა Wolverine-ი. ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ჭორები ამ კვირის დასაწყისში გავრცელდა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში, PC ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა“, — განაცხადა Digital Foundry-ს ჯონ ლინემანმა ბოლოდროინდელ პოდკასტზე. Bloomberg-ის ჯეისონ შრაიერმა კი, სრულიად შემთხვევით, მსგავსი ვარაუდი გამოთქვა Triple Click-ზე და დასძინა, რომ არ გაუკვირდებოდა, Wolverine-ი საერთოდ რომ არასოდეს გამოსულიყო PC-ზე. იმის გასარკვევად, რომ ეს არ იყო უბრალო სპეკულაცია, შრაიერმა განმარტება გააკეთა სათამაშო ფორუმ ResetEra-ზე. „ეს არ არის სპეკულაცია, მაგრამ ზოგჯერ შოუში ისეთი თემები ჩნდება, რომელთა შესახებ ამბის გამოსაქვეყნებლად ჯერ არ ვარ მზად“, — დაწერა მან. „მალე მეტი ინფორმაცია იქნება, დარწმუნებული ვარ“.
მას შემდეგ, ინსაიდერმა NateTheHate-მა კიდევ უფრო მკაფიო განცხადება გააკეთა. „ისინი ცვლიან PC-ზე გამოშვების სტრატეგიას“, — დაწერა მან ტვიტერზე 27 თებერვალს. „PC-ზე უფრო ნაკლებ ერთმოთამაშიან თამაშს იხილავთ. PC-ის მხარდაჭერაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შარშან იქნა მიღებული. ბუნებრივია, ზოგიერთი შეიძლება მაინც გამოვიდეს (იმის მიხედვით, თუ რამდენად შორს იყო პორტირება), მაგრამ წინსვლისთვის ეს აღარ არის სონის პრიორიტეტი“. ეს უკვე ძალიან ბევრი „კვამლია“ უცეცხლოდ, ფაქტობრივად, „ცეცხლი“ უკვე რამდენიმე თვეა მძვინვარებს.
„როგორც ჩანს, თამაშებმა, რომლებიც PlayStation-მა PC-ზე გამოუშვა, მათთვის არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუტანია“, — განაცხადა WindowsCentral-ის ჯეზ კორდონმა გასული წლის ნოემბერში პოდკასტზე, თავისი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. „ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ძალიან გვიან გამოვიდა, მაგრამ შესაძლოა, ეს გამოიყენეს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ წინ აღარ უნდა წავიდნენ და უფრო მეტად Nintendo-ს მიდგომას უნდა მიჰყვნენ, ანუ უფრო ექსკლუზიური შეთავაზება ჰქონდეთ“.
„სონის“ მიერ PC-ზე „ლაივ-სერვისული“ თამაშების (როგორიცაა Marathon-ი და Horizon Hunters Gathering-ი) გარდა სხვა პროექტების შემცირება ეწინააღმდეგება ბოლოდროინდელ ზოგადად მიღებულ შეხედულებას, რომელიც ამბობს, რომ დეველოპერული ბიუჯეტების გაზრდის კვალდაკვალ, გამომცემლებს სჭირდებათ თავიანთი თამაშების გაყიდვა ყველგან, სადაც შესაძლებელია, რათა მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ექსკლუზივებზე სრული უარის თქმა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ძალიან მომგებიანი PS5 კონსოლური ბიზნესისთვის, ჰიბრიდული მიდგომა, როგორიცაა დაგვიანებული პორტების PC-ზე გამოშვება, კომპანიისთვის ჭკვიანურ გზად ჩანდა, რომლის მეშვეობითაც ის ორივე სარგებელს მიიღებდა. მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა თუ არა ეს სტრატეგია?
„სონის“ უახლესი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, PC-სა და Xbox-ზე თამაშების გაყიდვებიდან 2.37 მილიარდი დოლარის შემოსავალი იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი დომინირებს „ლაივ-სერვისული“ ფრენჩაიზების, მაგალითად, Helldivers 2-ისა და MLB The Show-ს წარმატებით, ის ასევე მოიცავს მილიონზე მეტი ერთეულის გაყიდვებს ისეთი ბოლოდროინდელი პორტებიდან, როგორიცაა Spider-Man 2 და Ghost of Tsushima. რამდენად საკმარისია დამატებითი შემოსავალი თამაშების პორტირების ხარჯების დასაფარად და PS5-ის პოტენციური იმპულსის კომპენსირებისთვის, რომელიც იკარგება იმ PC მოთამაშეების გამო, რომლებიც უბრალოდ ელოდებიან კონსოლის შეძენის ნაცვლად (და არ დაგვავიწყდეს Valve-ის 30%-იანი წილი Steam-ის გაყიდვებიდან)?
აი, რა განუცხადა PlayStation Studios-ის ხელმძღვანელმა ჰერმან ჰულსტმა ინვესტორებს შარშან: „მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ ნამდვილად გააზრებულად ვუდგებით ჩვენი ფრენჩაიზების კონსოლიდან სხვა პლატფორმებზე გამოშვებას, რათა ახალ აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა, და ამას ძალიან გაზომილი, მიზანმიმართული მიდგომით ვაკეთებთ“, — თქვა მან. „განსაკუთრებით ერთმოთამაშიანი თამაშების მხრივ, ჩვენი ფლაგმანი სათაურები, ისინი PlayStation კონსოლისთვის დიფერენციაციის უმნიშვნელოვანესი წერტილია“.
შესაძლოა, ბოლო რამდენიმე წლის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ კომპრომისი არ ღირს იმდენად, რამდენადაც „სონი“ ერთ დროს იმედოვნებდა. ასევე შესაძლებელია, რომ კინემატოგრაფიული, სიუჟეტზე ორიენტირებული ბლოკბასტერები, რომლებთანაც PlayStation Studios-ი ასოცირდება, უბრალოდ არ არის ისეთი ტიპის თამაშები, რითაც PC მოთამაშეები ძალიან არიან დაინტერესებულნი, განსაკუთრებით გაშვების ხმაურის ჩაქრობიდან ერთი წლის შემდეგ და მცირე მარკეტინგული კამპანიით. ჟანრები, რომლებიც რეგულარულად ხდება პოპულარული Steam-ზე, დაწყებული როგლაიქებიდან რთული სისტემებით და დამთავრებული ჰარდკორ სოულსლაიქებით შეუბრალებელი მექანიკით, არ არის ისეთი ჟანრები, რომლებითაც სონი არის ცნობილი. შესაძლოა, ეს ხსნის, თუ რატომ გაიყიდა Stellar Blade-ის მილიონი ასლი Steam-ზე სულ რაღაც სამ დღეში, მაშინ როცა God of War Ragnarök-ის მსგავს თამაშებს გაუჭირდათ (იშვიათი წარუმატებელი პორტიც არ შველის საქმეს). უმჯობესია, ის PC მოთამაშეები, რომლებსაც ნამდვილად სურთ Naughty Dog-ის Intergalactic: The Heretic Prophet-ის თამაში, უბრალოდ წავიდნენ და შეიძინონ PS5 (ან PS6).
თუკი ამჟამინდელმა კონსოლის თაობამ რამე დაუმტკიცა „სონის“, ეს ის არის, რომ ფულის გამომუშავება არსებული თავგამოდებული ფანებისგან უფრო ადვილია, ვიდრე ახლების მოზიდვა.
#თამაშები
#სათამაშო ინდუსტრია
#steam
#playstation 5
#სონი
#wolverine
#სტრატეგია
#pc გეიმინგი
#ექსკლუზივები
წყარო: kotaku.com
გაზიარება